იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხებსა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მეთოდებზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხებსა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მეთოდებზე იმსჯელა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) რეგიონული პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში" ფარგლებში, 21-23 ივლისს, ბათუმში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებისა და აპარატის წარმომადგენლებისთვის სამდღიანი ღონისძიება იმართება.

შეხვედრა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ,ეკა ბესელიამ და GIZ-ის პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში" მენეჯერმა, თამარ ზოდელავამგახსნეს.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და აპარატის წარმომადგენლებმა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხებსა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მეთოდებზე იმსჯელეს.

კერძოდ, დისკუსია გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ძირითადი დებულებებზე, ასევე, DCFTA-ის როლზე საქართველოს ევროპული ასოცირების პროცესში.

შეხვედრაზე განხილული იყო: ევროკავშირის სამართლის წყაროები (დირექტივა, რეგულაცია, გადაწყვეტილება) და მათი საქართველოს კანონმდებლობაში ინტეგრირების ასპექტები; საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებების (ასოცირების საბჭოს, ასოცორების კომიტეტის, ქვე-კომიტეტების) და საქართველოს რიგი ნორმატიული აქტების გამოყენების საკითხები სამართლებრივი დაახლოების პროცესში; კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სამართლებრივი დაახლოების შეფასების კომპონენტები და სხვა.

სესიას ევროკავშირის სამართლის ექსპერტი ეკატერინე ქარდავა უძღვებოდა.

გუშინდელი, ღონისძიების პირველი დღის მთავარი თემები იყო: ეფექტური კომუნიკაციის არსი, მნიშვნელობა და მიზანი. სესიას ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა და გიორგი შეროზია უძღვებოდნენ.

ხვალ, 23 ივლისს, ღონისძიების მონაწილეები სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციის მოძიების ინსტრუმენტების გამოყენებაზე იმსჯელებენ. შეხვედრას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი სოფიო ჩაჩავა გაუძღვება.

ბათუმში მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მათიკაშვილი და ნატო ჩხეიძე, კომიტეტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნინო გოგუაძე, გურამ მაჭარაშვილი, ფატი ხალვაში და ოთარ კახიძე, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) რეგიონული პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში" წარმომადგენლები.