მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გერმანელი ექსპერტები ეწვივნენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გერმანელი ექსპერტები ეწვივნენ

6 გერმანელი ექსპერტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლების დახელოვნების მიზნით, სამოდელო გაკვეთილებს და სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ. 

პროექტი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურთან  (SES) ერთად შემუშავდა,  პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებებში ტურიზმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროების კვლევას და მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს. 

მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის შემდეგ, მოხდება მასწავლებელთა ტრენინგების მიზნობრივი დაგეგმვა სპეციალობებში. გერმანელი ექსპერტები დაეხმარებიან პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას, თანამშრომლობის დამყარებაში კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელთან გერმანიაში, რათა მოხდეს მასწავლებელთა მივლენა გერმანიაში პროფესიული განვითარებისათვის.

მოდულური და დუალური სწავლების დანერგვის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებასა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობას ევროპის ქვეყნებში.

საერთაშორისო ექსპერტის, გერალდ ვეტცელის განცხადებით,  ექსპერტები ტურიზმის სფეროს მოიცავენ, რაც გულისხმობს გასტრონომიის, სასტუმროს მომსახურებისა და მენეჯმენტის, კულინარიის და სხვა მიმართულებით პროფესიული განვითარების ღონისძიებების განხორციელებას:

„ჩვენ ადგილზე ვიმუშავებთ მასწავლებლებთან, რათა დავადგინოთ მათი პროფესიული საჭიროებები, ამის შემდეგ კი მოხდება გერმანიის და საქართველოს პროფესიული სასწავლებლების დამეგობრება, რომლის შედეგად საქართველოს სასწავლებლებს ექნებათ საშუალება, საუკეთესო სტუდენტები, მასწავლებლების თანხლებით, გაგზავნონ გერმანიის სასტუმროებში პრაქტიკის გასავლელად. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოგვიწვია და საშუალება მოგვეცა, დავეხმაროთ ქართულ პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში. მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაში დაგეგმილია დუალური პროფესიული განათლების განვითარება, რაც გერმანული მოდელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მასწავლებლებს, წარმატებით დანერგონ ეს მოდელი სასწავლო პროცესში“.