საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ" კომიტეტის წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ ხელშეკრულება საქართველოსა და ყაზახეთს შორის 1996 წელს გაფორმდა და საქართველოს ძირითადი ვალი ყაზახეთისადმი 27,77 მლნ აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა. პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული პირობით კი ყაზახეთისადმი საქართველოს ვალი მთლიანად რესტრუქტურირებას დაექვემდებარა, რომლის პირობებსაც ყაზახური მხარე არ დაეთანხმა. „ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ყაზახურმა მხარემ თანხმობა გამოთქვა ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ქართული მხარის ყველა წინადადება გაეთვალისწინებინა," - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შესაბამისად, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ" ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, დავალიანების კონვერტაცია მოხდა 1992 წლის 1 სექტემბრის კურსით, რამაც საქართველოს სასარგებლოდ 2.294 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალის ძირითადი თანხა შემცირდა და ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალად 25.48 მლნ. აშშ დოლარი განისაზღვრა. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული ვალის მომსახურება პარიზის კლუბის შეთანხმებული ოქმების პირობების შესაბამისად განხორციელდება.

„ყაზახეთის მიერ საქართველოსათვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი დავალიანება დიდი ხანი იყო პრობლემატური. თუმცა, 2016 წელს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ყაზახურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გაეთვალისწინებინა ქართული მხარის ყველა წინადადება. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია, განსაზღვრულია ვალის მომსახურების პირობებიც. შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმოდგენილი ხელშეკრულება განიხილა, მხარი დაუჭირა და მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის სესიაზე მისი განხილვა", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.