NDI - ადგილობრივი ხელისუფლების რეფორის სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო

NDI - ადგილობრივი ხელისუფლების რეფორის სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო

ადგილობრივი ხელისუფლების რეფორის სასწრაფოდ, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმაა შეფასებული და როგორც აღნიშნულია, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არჩეული თანამდებობის პირებიც კი აღიარებდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან მიმართებაში საჭიროა უფრო სტრატეგიული, კარგად შესწავლილი და სისტემური მიდგომა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ხმის თანაბრობის პრინციპი და თანხების სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება.

„ამჟამად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა 12 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემისგან შედგება. თითოეული თვითმმართველი ერთეული ირჩევს საკრებულოსა და ადგილობრივ აღმასრულებელს. 2017 წლის ივნისში, ადგილობრივ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებები წარადგინა. სხვა ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული ცვლილებები 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდის მეზობელ თემებთან შეერთებას გულისხმობს. ამ რეფორმებს ადგილობრივ არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს (ნაცვლად 71-ისა), ასევე ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს (ნაცვლად 12-ისა) და 59 თვითმმართველ თემს. საკრებულოები შედგება პროპორციული წესით არჩეული და ერთმანდატიანი ოლქებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისგან. საკრებულოების მაჟორიტარულ ოლქებს შორის ხმის თანაბრობის პრინციპი დაცული არ არის. ზოგადად, ქალაქების მაჟორიტარულ ოლქების ხმებს მათ მეზობელ თემებთან შედარებით ნაკლები ძალა აქვს. პარლამენტმა ეს რეფორმები მიიღო, თუმცა 20 ივლისს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო. ვინაიდან მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, პარლამენტს ვეტოს დაძლევა შეუძლია.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების, ასევე ოპოზიციური პარტიების თანახმად, რეფორმების შემუშავების პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, აკლდა გამჭვირვალობა და საკმარისად არ უზრუნველყოფდა მხარეთა ჩართულობას. დაახლოებით 150-მა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ხელი მოაწერა წერილს, სადაც ხელისუფლებას თვითმმართველ ქალაქებზე გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები შესაბამის ქალაქებში ადგილობრივ მოქალაქეებსა და არჩეულ თანამდებობის პირებს შორის დისტანციას გაზრდიდა. ამასთან, ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ სავალდებულო საჯარო კონსულტაციები არ ჩატარდა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ისევე, როგორც თითქმის ყველა კვალიფიციური პარტია, პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რეფორმისთვის ვეტო დაედო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეფორმების განხორციელების დრო - ადგილობრივ არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე. რეფორმების სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არჩეული თანამდებობის პირებიც კი აღიარებდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან მიმართებაში საჭიროა უფრო სტრატეგიული, კარგად შესწავლილი და სისტემური მიდგომა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ხმის თანაბრობის პრინციპი და თანხების სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება (ხელისუფლების წარმომადგენლებმა დელეგაციას განუცხადეს, რომ თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა იგეგმება).

დელეგაციასთან შეხვედრების დროს არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება შვიდი თვითმმართველი ქალაქის მიმდებარე თემებთან შერწყმის შესაძლო გავლენაზე ამ ქალაქებზე. პირველ რიგში, ქალაქების კონტროლი საკუთარ ბიუჯეტზე და ადგილობრივ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე შემცირდება. მეორე რიგში, შვიდი ქალაქიდან ექვს ქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდება ხმის თანაბრობის პრინციპი - მაჟორიტარულ თემებთან შედარებით. მაგალითად, ქალაქ ზუგდიდს, სადაც დაახლოებით 50 000 რეგისტრირებული ამომრჩეველია, საკრებულოში ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, მაშინ, როდესაც ზუგდიდის მიმდებარე თემს - 70 000 რეგისტრირებული ამომრჩევლით - 30. ეს ზუგდიდის თემის მაჟორიტარულ ოლქებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებთან შედარებით ოთხჯერ მეტ ხმას მიაკუთვნებს. ამ საკანონმდებლო პროცესში ჩართულმა პარლამენტის წევრებმა არ უარყვეს ხმათა უთანაბრობის საკითხი; არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა კი ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ცვლილება ამ ქალაქებში მმართველი ძალის კლებადი მხარდაჭერით არის გამოწვეული. მესამე საკითხი - პარტიებს, შესაბამის კანდიდატებსა და ამომრჩევლებს ამ ქალაქებსა და თემებში არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ტიპის საარჩევნო სისტემით ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები“, - ნათქვამია ანგარიშში.

NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია საარჩევნო კოდექსის რეფორმასაც აფასებს.

„პარლამენტმა ასევე მიიღო საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ორი ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ცვლილებები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სათანადო კონსულტაციების გამართვის გარეშე მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს კანდიდატებს თბილისს გარეთ კენჭი იყარონ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებში, პოზიტიურად შეფასდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები რეფორმის რამდენიმე ასპექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ერთ-ერთი ასეთი რეფორმა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს ეხება, რომელიც, როგორც სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ პარტიების რაოდენობას, რომლებსაც კომისიაში წევრი ეყოლება და კომისია მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაკომპლექტდება. საარჩევნო კოდექსი ასევე ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას, რომელიც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ამჟამინდელი წესისგან განსხვავებით - მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლო იქნება.

ძალაში შესვლის შემთხვევაში ზოგიერთი ცვლილება 2017 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება. ზოგიერთმა ცვლილებამ, მაგალითად - არარეგისტრირებული ამომრჩევლისთვის რეგისტრაციის ვადის გაზრდამ, შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მეტ ამომრჩეველს მისცეს. თუმცა დელეგაციასთან შეხვედრისას რამდენიმე მხარემ შეშფოთება გამოთქვა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ადამიანი პროცესისთვის ხელის შეშლის საბაბით უბნიდან გააძევოს და დააჯარიმოს. მათ აღნიშნეს, რომ ამგვარი დისკრეცია შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.