საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს კომპანია „არემჯი გოლდის“ მისამართით ყველა ბერკეტი გამოიყენოს

საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს კომპანია „არემჯი გოლდის“ მისამართით ყველა ბერკეტი გამოიყენოს

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელი ნინო ბურჭულაძე გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს კომპანია „არემჯი გოლდის“ მისამართით ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა კომპანიამ რეალური სამოქმედო გეგმა დადოს.

ამის შესახებ ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

იგი მოითხოვს კომპანიამ აუცილებლად წარმოადგინოს კარგად გაწერილი პროგრამა.

„გარემოს დაცვის სამინისტრომ  ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა კომპანიამ დადოს რეალური სამოქმედო პროგრამა და კარგად გაწერილი გეგმა - გრაფიკი. ეს აუცილებელია, რადგან  2016 წლის ზამთარში გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძოდ, გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა  კომპანიაში ჩაატარა  ერთგვარი ინსპექტირება  და მისი შედეგები საკმაოდ მძიმეა და შემაშფოთებელი,“, - ამბობს საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელი.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ კომიტეტის წარმომადგენლები „არემჯი გოლდის“ პრეზენტაციას არ ენდობიან და მათი მთავარი შეკითხვაა: „რა გაკეთდა ბოლნისში გარემოს დასაცავად?“.

მათი თქმით, გარემოს დასაცავად არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინეს იყო  ძალიან ბუნდოვანი. მეტიც, ამ პრეზენტაციის შემდეგ საყდრისის კომიტეტს კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა. მთავარი კითხვაა - რა გაკეთდა გარემოს დასაცავად? საქმე ის არის, რომ არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა და „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას.

გარდა ამისა, თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა,  ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა, კონკრეტულ ნაბიჯებზე თავი აერიდებინა. აგრეთვე, ძალიან საეჭვოა „არემჯი გოლდში“ დასაქმებულ პირთა სახელი და გვარები. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ჩვენ აღარ გვაქვს კითხვები თავად კომპანიასთან, არამედ მივმართავთ, თავად გარემოს დაცვის სამინისტროს. რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ზედმეტად მაამებლურ პოლიტიკას ეწევა „არემჯი გოლდთან“ მიმართებაში“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ნინო ბურჭულაძის მორიგი მოთხოვნაა ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობის ეპიდემიური კვლევის ორგანიზება, რამდენადაც კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ გარემო მნიშვნელოვნად  არის დაბინძურებული და აუცილებელია დადგინდეს, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა გარემოს დაბინძურებამ ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„აუცილებლად უნდა ჩატარდეს მოსახლეობის ეპიდემიური კვლევა, ასევე, სასოფლო სამეურნეო პროდუქტის კვლევა, რათა დადგინდეს, აისახა, თუ არა გარემოს დაბინძურება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას - მიაჩნია საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელს