ე.წ. ციანიდის საქმით მეუფე პეტრეს დაინტერესება იქიდან გამომდინარეც ჩანს, რომ პირადად მან აუყვანა დეკანოზს ადვოკატი

ე.წ. ციანიდის საქმით მეუფე პეტრეს დაინტერესება იქიდან გამომდინარეც ჩანს, რომ პირადად მან აუყვანა დეკანოზს ადვოკატი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მეუფე პეტრესთან არსებობს კითხვები, თუ რატომ იზიარებს ის ბრალდებულის პოზიციას, - ამის შესახებ ჯარჯი წიკლაურმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

პროკურორს აინტერესებს, რატომ ცდილობს მეუფე პეტრე ოქრომჭედლის ვერსიაზე არასწორი სურათი დახატოს და რატომ ცდილობს გამოძიების დაწყებიდან ბრალდებულს ხელი შეუწყოს, თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს.

”მეუფე პეტრესთან მიმართებით, ერთი კითხვის ნიშანი დარჩა - როდესაც ვერც ერთი ობიექტური პირი ვერ დაიჯერებს, რომ ბრალდებული ციანიდს ოქრომჭედლისთვის ეძებდა კეთილი მიზნებით და ეს ვერსია სასამართლოში სრულად გამოირიცხა, რატომ ცდილობს მეუფე პეტრე დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე. რატომ ცდილობს გამოძიების დაწყების დღიდან მეუფე პეტრე, რომ ნებისმიერი ხერხით ხელი შეუწყოს ბრალდებულს თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს. რა დგას ამის უკან. ეს კითხვის ნიშნები არსებობს”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, პროკურორებმა ეს კითხვები მეუფე პეტრეს დაკითხვისას დაუსვეს.

”პირადად მე დავუსვი შეკითხვა მეუფეს: როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ მას უნდა მოქმედი საწამლავი, რომელიც დააყენებს შედეგს; როდესაც ბრალდებული აცხადებს, ვისთვისაც ციანიდი უნდა, ის ტკბილს არ ჭამს და ექსპერტიზა დაადგენს თუ არა მსხვერპლის ორგანიზმში საწამლავის კვალს; როდესაც ბრალდებული ამით ინტერესდებოდა, რა შუაში იყო აქ ოქრომჭედელი? - მეუფე პეტრემ ამაზე პასუხი ვერ გაგვცა. ის გარკვეულ შეურაცხყოფასაც კი გვაყენებდა პროკურორებს და ამის გამო მოსამართლემ გაფრთხილებაც კი მისცა, რომ დააჯარიმებდა, თუ ასე გააგრძელებდა. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება იყო დაინტერესებული მხარის სუბიექტური განცხადებები”, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრეს დაინტერესება ამ საქმით იქიდან გამომდინარე ჩანს, რომ პირადად მან აუყვანა დეკანოზს ადვოკატი.

”მეუფე პეტრეს საჯარო განცხადებები საპატრიარქოში არსებულ თითქოსდა დარღვევებზე, შორენა თეთრუაშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე, ბრალდებულის მსხვერპლად წარმოჩენაზე, დღვანდელ სასამართლოზეც გამოჩნდა, რომ იყო მეუფის, როგორც დაინტერესებული მხარის სუბიექტური მოსაზრებები. მან ამის დასტურად ვერც ერთი ფაქტი თუ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. გამოჩნდა, რომ ის არის დაინტერესებული მხარე, ვინაიდან პირადად აუყვანა ბრალდებულს ადვოკატი. მის ჩვენებას, რა თქმა უნდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.