„ამბასადორიალი 2017"-ის მონაწილეებმა, საზღვარგარეთ აკრედიტებულმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, რომელმაც დიპლომატებს აქტიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგის მიღწვას. კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება საპარლამენტო საქმიანობაზე, საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე, გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობაზე გაამახვილა.
„ჩვენ ძალიან დინამიური და აქტიური ურთიერთობა გვაქვს ევროპარლამენტთან. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო ევროკავშირში. სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში პირველად შეიქმნა საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, რაც საპარლამენტო თანამშრომლობის სხვა ფორმატებთან ერთად, კარგი დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენს პარტნიორებთან უფრო ინტენსიური კომუნიკაციისა და ჩართულობისთვის", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტთან ურთიერთობების სხვა ფორმატებსაც შეეხო და ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საფუძველზე შექმნილ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების თანამშრომლობის ფორუმზე ისაუბრა.
„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სახით, ევროპარლამენტში ორმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა არსებობს, რომელიც მუდმივი ორგანოა და სადაც ევროპარლამენტარები და ქართველი დეპუტატები ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ერთობლივად ვმსჯელობთ. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის ორი სხდომა უკვე გამართა. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის მიერ მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტებში საქართველო წარმოჩენილია როგორც პროგრესის და წარმატების მაგალითი რეგიონში, გამოხატულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დაგმობილია საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და ასახულია მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გახდეს ევროკავშირის წევრი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე", - აღნიშნა თამარ ხულორდავამ
კომიტეტის თავმჯდომარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობასაც შეეხო და ასამბლეის ფარგლებში ასოცირებული პარტნიორებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროსტრუქტურებთან ყველაზე უფრო დაახლოებული ქვეყნებისთვის ცალკე ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ევროპარლამენტს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს და ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ევროკავშირთან ინტეგრაციის საერთო მიზანი აერთიანებთ. მისივე ინფორმაციით, კომიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თანამშრომლობის ფორმატშიც, რომელიც ქართველ კანონმდებლებს ევროკავშირის შიგნით არსებული აქტუალური საკითხების გაცნობის და განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
თავდაცვის სისტემაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი სესიაშვილმა არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მიმოხილვაც წარმოადგინა და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარე ცალკე შეეხო ნატოსთან ურთიერთობებს და ამ კუთხით მაისში თბილისში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით საქართველო ერთი საფეხურით მაღლა დგას და ეს მდგომარეობა კარგად არის წარმოჩენილი იმ დამოკიდებულებით, რაც საქართველოს მიმართ არსებობს. მანვე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიებში საქართველოს ჩართულობა არის არა რაიმე ვალდებულება, არამედ გააზრებული კონტრიბუცია და პროცესის მნიშვნელოვანი თანამონაწილეობა.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის" თემაზე გამართულ პანელზე მოხსენებებით თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი გამოვიდნენ.
„ამბასადორიალი 2017" 18 ივლისს გაიხსნა და ოთხი დღის განმავლობაში, 21 ივლისამდე იმუშავებს.