საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის და რა ფორმატში შეხვდებიან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში იწყება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკური კონსულტაციების საკითხი იქნება.
”ჩვენი თვითმიზანია ახალი და კარგი კონსტიტუციის მიღება. კარგი იქნება, თუკი კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი გაფართოვდება. კარგია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დააფიქსირეს საკითხები, რომლის თაობაზეც მათ დიალოგის გაგრძელება სურთ. ჩვენ ვიცით ყველა ის საკითხი, რისი განხილვაც მათ სურთ. სწორედ ამ საკითხებზე გვექნება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები და მოლაპარაკებებზე შეთანხმებული პოზიციებით გავალთ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თალაკვაძემ შეხვედრის დაწყების წინ.
უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლისთვის აუცილებლად ამოქმედდება. მისივე თმით, ”ქართული ოცნება” ასევე მხარს უჭერს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევას.
”კიდევ არის 10-ზე მეტი საკითხი, რაც ოპოზიციის მხრიდან დაისვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების ფარგლებში ყველა საკითხზე დავაფიქსირებთ პოზიციას”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.