დავით დონდუა დიპლომატიურ კორპუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას აცნობს

დავით დონდუა დიპლომატიურ კორპუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას აცნობს

დიპლომატიურ კორპუსს გვინდა დეტალურად ვესაუბროთ იმ ბოლო მოვლენებზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც დონდუამ აღნიშნა, პირველ რიგში ეს ეხება მავთულხლართების გაბმას, რაც კიდევ უფრო ართულებს, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ისედაც მძიმე პირობებს.

"ვისაუბრებთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირებულ დაკავებებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, ასევე ბოლო პერიოდში აფხაზეთში დაწყებულ ე.წ. დოკუმენტების დარიგებაზე, რომელიც იქ მყოფ ქართულ მოსახლეობას ფაქტობრივად, როგორც უცხო ქვეყნის მოსახლეობას, ისე გახდის და კიდევ უფრო ართულებს მათ ისედაც უუფლებო მდგომარეობას",- განაცხადა დავით დონდუამ.