მთავრობას და ხელისუფლებას საქართველოს პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს

მთავრობას და ხელისუფლებას საქართველოს პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს

მთავრობას და ხელისუფლებას არ მიაქვს საქართველოს პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სანამ ის ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა, მოქმედი პრემიერი კი „პატარა ბიჭივით იდგა მაგიდის გვერდზე ამერიკის პრეზიდენტთან“.

„დღეს ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე საუბრობს, რომ უკრაინის დესტაბილიზაცია უნდა შეაჩეროს. დღეს ჩვენ მხარდამჭერები აღარ გვყავს. მხარდამჭერები მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაგვრჩა.

ტრამპს ბიძინა ივანიშვილი ეძახდა აფერისტს. ამბობდა, რომ მისი პროექტი არის დიდი აფიორა ბათუმში. ივანიშვილის მომხრეები მუდმივად ღლიცინებდნენ, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი. ამოიღეთ ვიდეო კადრები, მთელი ელიტა ტრამპის სახელს ფეხქვეშ თელავდა. ეს არის ის პრეზიდენტი, რომლის პროექტები შეაჩერეს და მან და მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

გვერდზე რომ დაიყენა კვირიკაშვილი, სხვათა შორის მისი სახელიც კი არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, სირცხვილის გრძნობა არავის ჰქონდა?! პატარა ბიჭივით რომ იყო ატუზული მაგიდის გვერდზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მისი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებთან ვიზიტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხის გასააქტიურებლად და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ზოგჯერ უცხოელ ლიდერებს „კარებიც უნდა აუტალახო“.