ირაკლი კოვზანაძე „მმართველობა განვითარებისათვის

ირაკლი კოვზანაძე „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) წარმომადგენლებს შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G)წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა, ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა, ფინანსებთან ხელმისაწვდომობის პოლიტიკის მრჩეველმა გიორგი ამზაშვილმა და პროექის მენეჯერმა რევაზ ორმოცაძემ ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით „მმართველობა განვითარებისათვის" საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით ახორციელებს.

კერძოდ, ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირება, ვაჭრობა, მიწის რეგისტრაცია, წყლის რესურსების მართვა, ელექტროენერგიით ვაჭრობა და ა.შ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ორიენტირებულია დაეხმაროს სახელმწიფოს საპენსიო, კაპიტალის ბაზრის, საბაჟო-საგადასახადო, სახელმწიფო შესყიდვების, სოფლის მეურნეობის და საინვესტიციო ფონდების რეფორმებში.

ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის, საფინანსო-არასაბანკო სექტორის და სადაზღვევო სისტემების განვითარებაში. ამასთან „მმართველობა განვითარებისათვის" წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან წაახალისონ კერძო სექტორი და ხელი შეუწყონ ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობის გაძლიერებას, რისთვისაც არაერთი საკანონმდებლო ინიციატივაა მომზადებული.

პროექტის ხელმძღვანელებმა საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტთან თანამშრომლობის და მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებში კომიტეტის ჩართულობის სურვილი გამოთქვეს. თავის მხრივ ირაკლი კოვზანაძემ „მმართველობა განვითარებისათვის" პროექტის წარმომადგენლებს ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივაში მხარდაჭერა აღუთქვა.