ოპოზიცია კვლავ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე საერთო მესიჯითბოქსით განაგრძობს მანიპულირებას

ოპოზიცია კვლავ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე საერთო მესიჯითბოქსით განაგრძობს მანიპულირებას

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პასუხი გასცენ მთავარ კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ახალ კონსტიტუციას, მათი ნაწილი კითხვას უკან გვიბრუნებს და ითხოვს იმის დაკონკრეტებას, თუ რას დავთმობთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მეორე ნაწილი კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მსგავსად, გარკვეულ მოთხოვნებსა და ულტიმატუმებზე საუბრობს. „ამასთან, ოპოზიციის განცხადება, რომ მათ მოთხოვნებს იზიარებს ვენეციის კომისიაც, სიმართლეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შეეხებოდა მხოლოდ ბონუსური სისტემის დახვეწას, რაც მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა.

როდესაც დათმობაზე გვესაუბრებიან, მართლაც ძალიან საინტერესო და პრინციპულიც კი არის მათი პოზიციის გაგება იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ ცვლილებებს მხარს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას. რაც შეეხება პროცედურულ და იურიდიულ მექანიზმებს, თუ ოპოზიციას არ ჰყოფნის კომპეტენცია და არ იცის, როგორ შეიძლება ამ ეტაპზე ახალ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, მათი მხრიდან რაციონალური წინადადებების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ პირადად ავუხსნა ცვლილებების შეტანის პროცედურები და შესაძლებლობები.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენი გუნდის და მისი ლიდერების, გიორგი კვირიკაშვილის და ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, გაგრძელდეს დიალოგი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამიტომ არ არის საჭირო სიტუაციის დრამატიზაცია, ალბათ უკვე დროა ვაწარმოოთ პრაგმატული და არგუმენტირებული დისკუსია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.