რიჩარდ ნორლანდი:  საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. „მცოცავი ოკუპაცია“ დაუშვებელია

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. „მცოცავი ოკუპაცია“ დაუშვებელია

აშშ რამდენად მეტ მუშაობას შეძლებს ამ შუა აზიის და კავკასიის სახელმწიფოებთან, უფრო მეტ საერთო ინტერესს აღმოვაჩენთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

„ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ „აბრეშუმის გზის“ პროექტზე იმსჯელეს. შეხვედრაზე შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ამჟამად ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსის მრჩეველმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. „მცოცავი ოკუპაცია“ დაუშვებელია.

„ვფიქრობ, შუა აზიაში და კავკასიაში შეერთებულ შტატებს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს. ნათელია, რომ ამაში არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები, ენერგომატარებლები და მინერალები იგულისხმება. სინამდვილეში, მსოფლიოში არასტაბილურობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ამ რეგიონზე ფოკუსირდება და შეერთებული შტატები რამდენადაც მეტ მუშაობას შეძლებს ამ რეგიონის ქვეყნებთან, არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, არამედ შუა აზიის ხუთ და კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, უფრო მეტ საერთო ინტერესს აღმოვაჩენთ, მაგალითად ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ზოგიერთი ასეთი საერთო ინტერესის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია“,- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, საქართველოში ყოფნისას კარგად გაიაზრა "აბრეშუმის გზის" მნიშვნელობა. „აბრეშუმის გზის” მშენებლობა, თვითონ არის სტაბილურობის ფაქტორი. როდესაც ავითარებ ეკონომიკურ კავშირს ჩინეთსა და ევროპას შორის, როცა დამაკავშირებელი რგოლები შუა აზიაზე და კავკასიაზე გადის, ნებისმიერი რამ, რაც ამ რგოლებს არღვევს, დესტაბილიზაციას იწვევს და ეს ამ გზაზე, არცერთი ქვეყნის ინტერესს არ პასუხობს. ჩვენ იმის მოწმე გავხდით, რომ რეგიონის ლიდერებმა “აბრეშუმის გზაში” არა მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის და აყვავების, არამედ გეოპოლიტიკური სტაბილურობის საშუალებაც დაინახეს“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში.