მივესალმებით ტურისტებს, მაგრამ სახელმწიფო უწყებებს გააჩნიათ მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები

მივესალმებით ტურისტებს, მაგრამ სახელმწიფო უწყებებს გააჩნიათ მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები

ჩვენ მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან, მაგრამ სახელმწიფო უწყებებს გააჩნიათ მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინდოეთის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო მიესალმება ტურისტებს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, ინდოეთიდან. 

„ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ტურისტების რიცხვი გაიზარდოს. ყველა ქვეყანაში არსებობს იმიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებენ უარის გადაწყვეტილებას. ასეთი შემთხვევები ერთეულია და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ქვეყანაში ასეთ უწყებებს არ აქვთ ვალდებულება, ისაუბრონ კონკრეტულ მიზეზებზე, რატომ ითქვა უარი ამა თუ იმ მოქალაქის შემოსვლაზე. საქართველო არის ძალიან ლიბერალური ამ მიმართულებუთ და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა, რომელიც გაგვაჩნია. ამისთვის ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან და ა.შ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო უწყებებს გააჩნიათ ძალიან მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ისინი ამას ახორციელებენ, როდესაც ამის საჭიროება დგება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.