ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, როგორ გამოდის ჩიხიდან, რომელშიც ვითარება თავად შეიყვანა - გვითხრას, რა არის მათი კომპრომისული ვარიანტი

ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, როგორ გამოდის ჩიხიდან, რომელშიც ვითარება თავად შეიყვანა - გვითხრას, რა არის მათი კომპრომისული ვარიანტი

თუკი ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო კონსენსუსის ძიების პროცესი დაიწყოს, გადადგან ნაბიჯი - გვითხრან, რა არის მათი კომპრომისული შემოთავაზება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უმცირესობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. 

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების საუბარი დიალოგის დაწყებისთვის მზაობაზე, ძალიან იაფფასიანი პიარია. 

”რეალურად ვითარება მათ შეიყვანეს ჩიხში. გამოიჩინეს არა თუ სიხისტე, პროცესის ყველა მონაწილეს დასცინეს, მათ შორის დასცინეს საერთაშორისო პარტნიორებასაც. ერთ რამეზე ლაპარაკობდნენ, მიიღეს - მეორე და ყველა მიმართულებით უკან გადადგეს ნაბიჯი. ერთადერთი დემოკრატიული გზა პლებისციტის ჩატარება და ხალხისთვის კითხვა იყო, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. ახლა ისე ”გაიჭედნენ” და ისეთი საერთაშორისო წნეხის ქვეშ არიან, რომ გადაწყვიტეს, ბურთი აქეთ გადმოგვიგდონ - თქვენ გვითხარით ერთი, რას დათმობთო. ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, როგორ გამოდის იმ ჩიხიდან, რომელშიც ვითარება თავად შეიყვანა, გვითხრას, რა არის მათი კომპრომისული ვარიანტი. შემდეგ ჩვენ, ოპოზიცია დავჯდებით და ვიმსჯელებთ ჩვენს პოზიციაზე. ჩვენ არ გვაქვს უმრავლესობა, მაგრამ როცა არჩევნებს მოვუგებთ და უმრავლესობაში ვიქნებით, ყოველთვის ჩვენ შევთავაზებთ პირველი კომპრომისულ ვარიანტს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიგა ბოკერიამ.