თუკი ხელისუფლებას დიალოგი სურს, კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უნდა დააბრუნოს

თუკი ხელისუფლებას დიალოგი სურს, კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უნდა დააბრუნოს

მინიმალური ტესტი იმისა, მმართველ გუნდის წარმოდგენლები მართლაც მზად არიან თუ არა დიალოგისთვის, არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. 

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს არის მესამე მოსმენაზე. მესამე მოსმენა მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებს ითვალისწინებს. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, რომ წარმოდგენილ პროექტში სადმე წერტილ-მძიმე ჩავამატოთ?! ან მძიმის მაგივრად ძახილის ნიშანი ჩავსვათ? როგორ შეიძლება ამაზე გვქონდეს დიალოგი?! ამიტომ უმარტივესი ტესტია - თუ ხელისუფლებას დიალოგი სურს, როგორც მინიმუმ, კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უნდა დააბრუნოს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, რა შეიძლება შეიცვალოს მეორე მოსმენის ფარგლებში. მათი მხრიდან დიალოგის შეთავაზება ვენეციის კომისიისთვის თვალის ასახვევად გაკეთდა. დიალოგის შეთავაზებას კონკრეტული გარემო სჭირდება. იმ პირობებში, როცა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენაზეა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ მკაფიოდ განაცხადა, რომ პროექტს საშემოდგომოდ კენჭი ეყრება და საბოლოოდ მიიღებენ, რა დიალოგზე ვლაპარაკობთ?! პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, რომ მითიური დიალოგის კარი ღიაა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შემოდგომაზე ამ წარმატებულ პროცესს დაასრულებენ. მთელი ეს საუბარი დიალოგზე არის ქართული საზოგადოების და პირველ რიგში, ვენეციის კომისიის მოტყუება და იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს მმართველი გუნდი ოპოზიციას რაღაცას სთავაზობს. რეალურად არაფერს სთავაზობს - კონსტიტუციის კენჭისყრების შემდეგ, არც ერთი კონკრეტული წინადადება მათგან არ მიგვიღია, არც ერთი შეთავაზება მათგან არ მიგვიღია. დიალოგისთვის კონკრეტული შეხვედრის შეთავაზებაც კი არ ყოფილა, არათუ შინაარსობრივი განხილვა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” დავით ბაქრაძემ.

გარდა ამისა, როგორც ბაქრაძე განმარტავს, უმცირესობა ვერანაირი სახის საარჩევნო სისტემას მხარს ვერ დაუჭერს, თუკი ის პაკეტში წარმოდგენილი იქნება სხვა მათთვის მიუღებელ საკითხებთან ერთად. ”მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება ჩვენთვის არის მიუღებელი. ამიტომ კარგი საარჩევნო სისტემა რომც შემოგვთავაზონ, თუკი ეს ერთ პაკეტში და ერთ კენჭისყრაში იქნება პრეზიდენტის არჩევნების გაუქმებასთან, მას მხარს ვერ დავუჭერთ. ცალკე აღებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნაა, პროპორციული არჩევნების ჩატარება 2020 წელს და ნორმალური პროპორციული არჩევნები - ყოველგვარი ბონუსისა და შეღავათების გარეშე”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.