თამარ ხულორდავა ესტონეთის პარლამენტში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

თამარ ხულორდავა ესტონეთის პარლამენტში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ესტონეთში ვიზიტი ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრით დაიწყო.

ტომას ვიტსუტი მიესალმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივას - წარმოდგენილი იყოს ევროკავშირის ევროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების სხდომაზე და ჩართული იყოს ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

თამარ ხულორდავამ კოლეგას საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციული პროცესები და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა გააცნო.

მან ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო კომიტეტის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობას უკავშირდება.

თამარ ხულორდავამ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ საქართველოს მოსახლეობის მაღალ მხარდაჭერაზე ისაუბრა და ესტონელ კოლეგას აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გამოიკვეთა როგორც უმნიშვენლოვანესი ხელშესახები შედეგი ქართველი ხალხისთვის და სტიმული ხელისუფლებისთვის რეფორმების კონსოლიდაციისა და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის.

თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინტერესებსა და მოლოდინებზე. მიმოიხილა საქართველოს პარლამენტის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან პარტნიორობის გაღრმავებას და თანამშრომლობის ჩარჩოს განვითარებას.

ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ საპასუხოდ, აღნიშნა, რომ ესტონეთის პარლამენტი თანახმაა საქართველოს პარლამენტის თხოვნა გაითვალისწინოს და ევროკაშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, პარლამენტის ეგიდით დაგეგმილ სხდომებში შეიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განხილვა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მხარდაჭერისა და ინტერესების პოპულარიზაციისთვის ევროკავშირში.

კომიტეტის თავმჯდომარეებმა თავიანთი კომიტეტების დაახლოების გზებზე და გამოცდილების გაზიარების საშუალებებზე ისაუბრეს. ტომას ვიტსუტი მიესალმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წინადადებას, გააღრმავოს ურთიერთკავშირი ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტთან და უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა.

9-10 ივლისს ესტონეთის პარლამენტი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც თამარ ხულორდავა სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.