დონალდ ტრამპმა ჰამბურგში ჩატარებულ „დიდი ოცეულის“ სამიტს წარმატებული უწოდა

დონალდ ტრამპმა ჰამბურგში ჩატარებულ „დიდი ოცეულის“ სამიტს წარმატებული უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰამბურგში ჩატარებულ „დიდი ოცეულის“ სამიტს წარმატებული უწოდა. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული შეფასება იმ წინააღმდეგობის მიუხედავად გააკეთა, რაც ვაშინგტონსა და „დიდი ოცეულის“ სხვა ქვეყნებს შორის კლიმატის შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებობს. 

ერთობლივ განცხადებაში 18 ქვეყნის ლიდერებმა და ევროკავშირმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლა ოფიციალურად აღიარეს. მათივე განცხადებით, „დიდი ოცეულის“ სხვა წევრები აღნიშნული შეთანხმების შესრულებას განაგრძობენ. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ დაეხმარება სასარგებლო წიაღისეულის ნაკლებ საზიანო და მეტად ეკოლოგიური გზით მოპოვებაში. თუმცა, პრესკონფერენციის დასასრულ, გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა კლიმატის შეთანხმებაზე უარის თქმაზე ტრამპის გადაწყვეტილების გამო სინანული კიდევ ერთხელ გამოთქვა.