იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა თემაზე - „გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა თემაზე - „გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმები"

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებისთვის 8-9 ივლისს, იმართება სამუშაო გასვლითი შეხვედრა თემაზე - „გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმები".

ორი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებენ, მათ შორის: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმსა (UPR) და მის პროცედურებზე, ასევე, საქართველოს შეფასების მეორე პერიოდულ ციკლსა და 2015 წელს საქართველოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე.

ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ საქართველოსთან მიმართებაში გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ, კერძოდ: გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტის, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოხვრის შესახებ კომიტეტის და ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოტანილ რეკომენდაციებს.

შეხვედრაზე იმსჯელებენ სახელმწიფოს პერიოდული მონიტორინგისა და ინდივიდუალური განაცხადების განხილვის საკითხებზე, ასევე ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ პროცედურებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ასევე გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები.