„პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკრაინაში GLOBAL UKRAINIANS - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს ორგანიზაცია აერთიანებს მსოფლიოს 50 ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ უკრაინელებს. ღონისძიების მთავარი საკითხი იყო, უცხოეთში მცხოვრები ადამიანების ჩართულობა საკუთარი ქვეყნის განვითარების საკითხში.
„ჩვენ გვყავს არაერთი წარმატებული მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს მივცეთ საშუალება, წარმატებას მიაღწიონ საკუთარ ქვეყანაშიც. არ უნდა ხდებოდეს ტვინების გადინება ქვეყნიდან. ადამიანები უნდა ბრუნდებოდნენ სამშობლოში, ახდენდნენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას და იღებდნენ მონაწილეობას აღმშენებლობის პროცესში. როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის მნიშვნელოვანია უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ჩართულობა, ქვეყნის განვითარების, რეფორმირებისა და წინსვლის პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები რეპატრიანტების სამშობლოში დაბრუნება, არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რის წინაშეც საქართველო და უკრაინა დგას.
ფორუმი სახელწოდებით Global Ukrainians პირველად 2015 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. უკრაინის დედაქალაქში გამართულ ფორუმს, ადგილობრივი პარტიების ლიდერები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია.