მინსკში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გრძელდება ორმხრივი შეხვედრები

მინსკში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გრძელდება ორმხრივი შეხვედრები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ესწრება,მინსკში ორმხრივი შესვედრები გამართა. ქართველი დეპუტატები შვედეთის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის დელეგაციებს შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობების გამყარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფორუმებში ურთიერთმხადამჭერი მიმართულებები განიხილეს.

 „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა სადაც გვაქვს შესაძლებლობა გავაძლიეროთ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები,  ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  საკითხებზე, ასევე გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები. მაქსიმალრად ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და ასამბლეის ფარგლებში შევხვდით წევრი ქვეყნების დელეგაციებს, რომლებთანაც საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე ვისაუბრეთ, ჩამოვაყალიბეთ ურთიერთობის ახალი მიდგომები და შევთანხმდით საპარლამენტთაშორისო პარტნიორობის გამყარების შესახებ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის", - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ.

ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრებს სოფიო ქაცარავა, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, გიორგი წერეთელი და ირაკლი ბერაია დაესწრნენ.