ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.
„თქვენთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის და რიგი პრობლემების გადასაჭრელად“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის პოზიციამ განაპირობა სირიაში სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა.
თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევა მაგალითია რეგიონის ქვეყნებისთვის და მსოფლიო თანამეგობრობისთვის.
„დიდი წვლილი შეგვაქვს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ეს უფრო მტკიცეს ხდის ჩვენს ხალხს შორის კავშირებს“, - დასძინა მან.