ბოლოს, როცა საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა და ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერს გადაეცა, პროცესი ბოლომდე გააზრებული არ იყო. დღესაც მსგავს მოვლენებს ვხედავთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის შეფასებისას განაცხადა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე დასავლელი ექსპერტების მოსაზრებების შესახებ სტატია ”ამერიკის ხმის” ქართულმა რედაქციამ მოამზადა. გამოცემის თანახმად, ცვლილებებთან დაკავშირებით დასავლეთში ექსპერტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს.
სტატიის თანახმად, ექსპერტები, რამდენიმე საკითხზე თანხმდებიან, მათ შორის იმაზე, რომ დიდია მსგავსება წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციის შეცვლასა და მიმდინარე პროცესებს შორის. დასავლელი ექსპერტების თანხმობა ასევე კონსტიტუციის მიღებაში ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობის საკითხმაც გამოიწვია.
"მიჩნდება შეგრძნება, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლითაც მმართველი პარტია მომავალში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ეს მე მაწუხებს. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანებს არსებული კონსტიტუციის ქვეშ ცხოვრების გრძელი გამოცდილება არ აქვთ, არ მგონია კონსტიტუციის შეცვლამ მოსახლეობის ცხოვრება შეცვალოს. პირველ რიგში, მათ საჭირო რეფორმები უნდა გაატარონ", - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და ლიტვის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რასა იუკნევიჩიენემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ამჟამად, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარმა ტომას მელიამ კონსტიტუციასთან დაკავშირებული მიმდინარე დავა, გარკვეულწილად, ყოფილ მთავრობას და "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა. მელიას მიაჩნია, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობისას უმრავლესობა გრძელვადიან შედეგებზე უნდა დაფიქრდეს და კონსტიტუციის შეცვლის პროცესში ქვეყნის და არა ინდივიდუალური პირების ინტერესები გაითვალისწინოს.
“ყოველი მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში განსხვავებულ საკონსტიტუციო ჩარჩოებში იმართება და გასაკვირი არ არის, რომ “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ხედვის შეცვლას ცდილობს. პირველ რიგში, მათ უნდა წარმოიდგინონ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტები 10-20 წლის შემდეგ, როცა ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წამყვანი პოზიციები უკავიათ პოლიტიკაში აღარ იქნებიან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში", - აღნიშნა მელიამ და აქვე საქართველოს მთავრობის მხრიდან ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების წარმოება დადებითად შეაფასა.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ამერიკის ყოფილი ელჩის ნატო-ში კურტ ვოლკერის აზრით კი, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები კარგი იდეაა იმისთვის, რომ ცვლილებები ისე განხორციელდეს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის ძლიერი ფუნდამენტური დოკუმენტი. ყოფილი ელჩის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტია, მასში ცვლილებების შეტანის პროცესში მმართველ ძალასთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც უნდა იყვნენ ჩართულები.
“ბოლოს, როცა საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა და ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცა, პროცესი ბოლომდე ინკლუზიური და გააზრებული არ იყო. დღესაც მსგავს მოვლენებს ვხედავთ...ეს პროცესი რაც შეიძლება წარმომადგენლობითი და გათვლილი უნდა იყოს. როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს ევალებათ ასეთ საკითხებზე ერთმანეთთან მუშაობა სცადონ”, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.