საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და დელეგაციის წევრებმა, მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

უკრაინის, გერმანიის და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე ქართველი კანონმდებლებმა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ასევე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის ახალ და საინტერესო გეგმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრა. თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები მიმოვიხილეთ და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან საერთო ინტერესები და გამოწვევები, როგორიცაა ევროატლანტიკური სწრაფვა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები, განვიხილეთ. დავსახეთ თანამშრომლობის ახალი მიზნები და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ".

რაც შეეხება პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ურთიერთობების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრა და მისი შინაარსობრივი ნაწილი წარმოადგინა.

„ჩვენი ყველა შეხვედრის მიზანია გავზარდოთ საქართველოს როლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, დავიცვათ ასამბლეის მიერ აღიარებული პრინციპები და ვიზრუნოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.