„ეუთოს რეგიონში თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის განმტკიცება მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" ამ სახელწოდებით, 5-9 ივლისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 26-ე ყოველწლიური სესია გაიმართება. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, სესიის მუშაობაში მონაწილეობას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით მიიღებს. საქართველოს პარლამენტიდან ღონისძიებას არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, გიორგი წერეთელი, ირინე ფრუიძე და ირაკლი ბერაია დაესწრებიან.
საერთაშორისო დიალოგის ფორუმზე, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტის წევრი საკომიტეტო სხდომების და პლენარული სესიის ფარგლებში, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მსჯელობას გამართავენ და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ინიციატივით, ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძესთან ერთად, ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით კონფერენციას გამართავს სახელწოდებით: „საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მინსკის დეკლარაციის მიღებით დასრულდება, რომელშიც ქვეყნის მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის რეკომენდაციები გაიწერება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება საკადრო საკითხების გადაწყვეტას - ვიცეპრეზიდენტების და ხაზინადართა არჩევასაც დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიურ სესიას, 2016 წელს, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.