თამარ ხულორდავას განცხადებით, სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებზე ერთ-ერთი აქტუალური თემა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა იქნება

თამარ ხულორდავას განცხადებით, სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებზე ერთ-ერთი აქტუალური თემა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა იქნება

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, დაგეგმილ შეხვედრებზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა იქნება.

როგორც ხულორდავამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, არ ელის, რომ პარტნიორებისაგან მწვავე შენიშვნებს მოისმენს.

”ვენეციის კომისიამ დოკუმენტი შეისწავლა და არაერთხელ განაცხადა, რომ მის შინაარსთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ ისმება და რომ ეს არის გამართული ტექსტი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საკონსტიტუციო სამართლის პრინციპებს. ის შენიშვნები და წუხილი, რაც გამოითქა, იმას უკავშიდებოდა, რომ სამწუხაროდ, ოპოციზიურ პარტიებთან კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში გამართავს. ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრა ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფისა და ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან, ასევე, ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან და ევრონესტის წარმომადგენლებთან.

ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას გააცნობს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.