სტუდენტებმა პარლამენტში იმიტირებული საკომიტეტო სხდომა გამართეს და საკუთარი ძალებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს. „სტუდენტები პარლამენტარების ამპლუაში" შეჯიბრების ფინალში თსუ-ის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. პროექტი „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომების" ფარგლებში გაიმართა.
სტუდენტებმა განსახილველად გამოიტანეს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ". შეჯიბრის პირობების მიხედვით, სტუდენტებს უნდა მოეხდინათ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით; მოემზადებინათ კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი; წარედგინათ მომზადებული კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე და გაეწიათ მოწინააღმდეგე გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ოპონირება. მათ ასევე უპასუხეს ჟიურის წევრთა კითხვებს.
სტუდენტების გამოსვლებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, კახაბერ კუჭავა, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ხუციშვილი და ექსპერტები: გიორგი ბურჯანაძე, სოფიო ჯაფარიძე, ეკატერინე სხილაძე და მაკა კვაჭაძე.
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „პირველი მუხლი" „ფონდ ღია საზოგადოება- საქართველოს" მხარდაჭერით და მისი მიზანია საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში ახალგაზრდობის ინფორმირებული ჩართულობის გაძლიერება, ასევე, პარლამენტის შიგნით თუ აღნიშნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფორმატში მომავალი საქმიანობისთვის პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობა.
„ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა კონვენციისა და ადამიანის უფლებების იდეის პოპულარიზაციას, ამ თემებთან დაკავშირებით ახალგაზრდების უფრო კვალიფიციური პოზიციის ჩამოყალიბებას და, რა თქმა უნდა, ასეთი იმიტირებული პროცესების დროს ვითარდება როგორც ორატორული, ასევე სამართელბრივ ლოგიკასთან დაკავშირებული მსჯელობა ახალგაზრდებში. და ეს ალბათ მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ვინც რამეს ამტკიცებს, ის უნდა დაამტკიცოს დასაბუთებულად და როცა შეჯიბრობითობის საფუძველზე ხდება ასეთი ღონისძიებების ჩატარება, რა თქმა უნდა ყველა ცდილობს აკადემიური, დახვეწილი და თანმიმდევრული იყოს თავის მსჯელობაში, ამიტომ ეს მათ მომავალში გამოადგებათ", - განაცხადა ჟიურის თავმჯდომარემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.
აღნიშნული პროექტი თებერვალში დაიწყო და მასში საქართველოს სხავადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 20 გუნდი მონაწილეობდა.
მას შემდეგ, რაც ჟიური შეაჯამებს შედეგებს, პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, დაჯილდოება 6 ივლისს მოხდება.