საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ კახეთში საჯარო შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ კახეთში საჯარო შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გურჯაანსა და თელავში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ საჯარო შეხვედრები  გაიმართა.

საჯარო შეხვედრების მიზანი იყო „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ და კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

საჯარო შეხვედრებს დაესწრნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები: საბჭოს წევრი, დეპუტატი - ნინო წილოსანი და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი - თინათინ ავალიანი.მათ მიმოიხილეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები და საზოგადოებას გააცნეს სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.

გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრებზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ.

საჯარო შეხვედრებს ასევე დაესწრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორიც, რომელმაც მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები გააცნო.

შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმის და დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა.