დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

ამ ეტაპზე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსის განხილვის პროცესი სამინისტროში უკვე დაწყებულია. დაკავებულის ადვოკატი გეგმავს სამინისტროს მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია წარუდგინოს, რაც, მისი ინფორმაციით, თემაზე მომუშავე კომისიას დაეხმარება, ზუსტი ინფორმაცია მიიღოს იმ საფრთხეების შესახებ, რაც მუსტაფა ჩაბუქსა და მის ოჯახს შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ექსტრადაციის შემთხვევაში ელოდეს.

უწყება მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს.

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული თურქული მხარის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია რაც ცხოვრობს. იგი 2002 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.