"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თბილისის ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დაასახელა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის ძირითად პრობლემებს შორის ეკოლოგიის, სატრანსპორტო და რეკრეაციული საკითხები დაასახელა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები არის ეკოლოგიის თვალსაზრისით. კვლევებიც მეტყველებს, რომ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქში. მხოლოდ ერთი მიმართულების პრობლემის მოგვარება ვერ შეძლებს გლობალური პრობლემის გადაჭრას. აქ არის სერიოზული პრობლემები ტრანსპორტის, პარკების, სკვერების მიმართულებით. კოპლექსურად უნდა მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება, რადგან ის პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებობს პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ავტობუსები შემოიყვანა მერიამ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ყვითელი ავტობუსების პარკის სრულიად ჩანაცვლება და განახლებული, თანამედროვე ავტობუსების შემოყვანა, რაც დედაქალაქის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. მნიშვნელოვანია მეტროს მოდერნიზაცია და და ძველი ვაგონების ახალი, თანამედროვე ვაგონებით ჩანაცვლება. ასევე, მნიშვნელოვანია ქაოტური მშენებლობების შეჩერება. მნიშვნელოვანია, ძველი თბილისის რეაბილიტაცია/კონსერვაცია. რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის, რადგან ძველი თბილისის პროქტების განხორციელებით, ჩვენ ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ დედაქალაქს“,-განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, კალაძის თქმით, დედაქალაქი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ბიუჯეტზე. 

„მე ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას. ისე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შესაძლებელი იყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად“,- აღნიშნა კალაძემ.