ხელნაწერთა ინსტიტუტის ღვაწლმოსილი მეცნიერ-თანამშრომლები საპატრიარქოს სიგელებით დაჯილდოვდნენ

ხელნაწერთა ინსტიტუტის ღვაწლმოსილი მეცნიერ-თანამშრომლები საპატრიარქოს სიგელებით დაჯილდოვდნენ

ხელნაწერთა ინსტიტუტის ღვაწლმოსილი მეცნიერ-თანამშრომლები დღეს საპატრიარქოს სიგელებით დაჯილდოვდნენ. სიგელები მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადასცა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ის ქედს იხრის მათ წინაშე საქართველოს კეთილდღეობისთვის გაწეული შრომის გამო. “დღეს ჩვენთან მობრძანებული არიან ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი მუშაკები. მინდა, მადლობა მოვახსენო მათ იმ დიდი ღვაწლისთვის, იმ დიდი შრომისთვის, რომელიც გასწიეს და ეწევიან ხელნაწერთა ინსტიტუტში. ხელნაწერთა ინსტიტუტი ქართული სულიერების ფუძეა. რა იქნებოდა საქართველო ხელნაწერების გარეშე. აქ მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები, რა იქნებოდა ქართული ლიტერატურა კორნელი კეკელიძის შრომების გარეშე. დღეს აქ ბრძანდებიან დიდი მოღვაწეები და ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე. თქვენ დიდი შრომა გასწიეთ, თქვენ შრომობდით იმ დროს, როცა რთული იყო მუშაობა, მაგრამ თქვენ ამას ახერხებდით. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ძველი ქართული ლიტერატურა, ხელნაწერები, წმინდა მამების შრომები არ დაკარგულიყო”, - მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელნაწერთა ინსტიტუტის მოღვაწეებს.

ილია მეორემ მათ საპატრიარქოს სიგელები გადასცა და მისცა რჩევა, რომ ხშირად ეზიარონ და ამით მიეცეთ ძალა შრომისთვის.