ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ვიმუშაოთ პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ვიმუშაოთ პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტები, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, ყველა თბილისელის საჭიროებასა და სურვილზე იქნება მორგებული. 

როგორც კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, გუნდთან ერთად იღებს ვალდებულებას, რომ იმუშაოს, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტული უბნებისა და თითოეული თბილისელისთვის. 

„ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი - მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით - გამარჯვების სურვილით. ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომლებიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას: ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ყველა უბნისთვის და პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად ყველა თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად. ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში და საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა ამ უნიკალურობით. ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ავაშენოთ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ! მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია - ჩვენი გამარჯვება იქნება. ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია- კონსერვაცია, მშენებლობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა - ჩვენი გამარჯვება იქნება! თბილისს თავისი უნიკალური იერსახე,საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.