რომან კაკულიამ „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ დაკავშირებით დარგის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

რომან კაკულიამ „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ დაკავშირებით დარგის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ დაკავშირებით დარგის ექსპერტებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

რომან კაკულიას განცხადებით, შეხვედრის ძირითად მიზანს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ დაკავშირებით, სპეციალისტთა პოზიციების მოსმენა და ალტერნატიული წინადადებით წარმოდგენილი მოსაზრებების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა.

„ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა, მომზადებულია კანონპროექტი, რომელშიც საბოლოო შენიშვნები შედის. ასევე, არსებობს ალტერნატიული წინადადება და სანამ კომიტეტი თავის პოზიციას საბოლოოდ ჩამოაყალიბებს, მინდა ერთად გავიაროთ ის წინააღმდეგობრივი საკითხები. ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და ამის საუკეთესო გზას პარლამენტის მიერ დამოუკიდებელი საკონსულტაციო რეჟიმის პირობების შექმნა წარმოადგენს“, - განაცხადა შეხვედრაზე რომან კაკულიამ.

სამუშაო ჯგუფმა კოდექსში ასახული ძირითადი პრინციპები და მათთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს იმ ხარვეზებზე, რაც ძველ კანონმდებლობაში არსებობს. ასევე, განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც, მათი განცხადებით, მნიშვნელობის მიუხედავად, კანონპროექტში არ არის ასახული.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა იურიდიული ტექნიკის სრულყოფის თვალსაზრისით დასახვეწია და უნიფიცირება ესაჭიროება.

არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ითვალისწინებთ პროფესიონალების აზრს კოდექსთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით აბულაძემ.

ექსპერტთა განცხადებით, კოდექსი უნდა იყოს სამშენებლო საქმიანობაზე ორიენტირებული. მათი აზრით, მოქმედ კანონმდებლობაში გამოყენებულია მოძველებული ტერმინოლოგია. ხშირ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეული სახეებისათვის გათვალისწინებულია სრულიად არათანაზომიერი სახდელები. ასევე, ერთმანეთისაგან არ იმიჯნება სახიფათო და ნაკლებად სახიფათო ქმედების შემადგენლობები. ეს არსებული სიტუაცია შესაბამის რეფორმას საჭიროებს.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ერთმანეთისაგან ნათლად არ მიჯნავს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას. გამოკვეთილი არ არის ცალკეული მათგანის სპეციფიკური ამოცანები, მიზნები, სახელმძღვანელო პრინციპები, შემადგენლობა და შემუშავების წესი, ხარისხის ტექნიკური ნორმირების საკითხები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირეს და ძირითადი პრინციპების მიმართ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს.

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, რომან კაკულიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, დარგის ექსპერტებთან მოხდება პოზიციების შეჯერება, სამუშაო ჯგუფი ეკონომიკის სამინისტროს პოზიციებსაც გაეცნობა და მათ კოდექსთან დაკავშირებით, კომიტეტის ჩამოყალიბებულ პოზიციას გააცნობს.