კახა კალაძე მინისტრის პოსტს დატოვებს მას შემდეგ, რაც არჩევნებზე რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას გაივლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძე გუნდის სრული მხარდაჭერით გადის.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი, ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანი - კახა კალაძე. ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ. ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ იმ პრიორიტეტებზე და დიდ პროექტებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს თბილისში და საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ უახლოეს მომავალში თბილისი შეიძენს განვითარების სრულიად ახალ ტემპებს. კახა კალაძე შეძლებს თბილისის, როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ასევე თანამედროვე მენეჯმენტის გაწევას და რაც მთავარია, შეძლებს თბილისის, როგორც ბრენდის განვითარებას. სხვა კანდიდატურები განხილული არ ყოფილა. ჩვენ ერთიანად დავუჭირეთ მხარი კალაძის კანდიდატურას. კალაძე ამ არჩევნებზე გამოდის გუნდის სრული და ერთიანი მხარდაჭერით. რაც შეეხება მინისტრის პოსტს, მინისტრის პოსტს დატოვებს მას შემდეგ, რაც არჩევნებზე რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას გაივლის“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შტაბს და გუნდს, რომელიც ამ არჩევნებზე კამპანიას დაგეგმავს და წარმართავს, „ქართული ოცნება“ უახლოეს დღეებში წარადგენს.