„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იმყოფებოდა.
როგორც ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციის გამო მოვიდა, რათა უსაფრთხოების ნორმები შეემოწმებინა. ანზორ ჩუბინიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შს მინისტრად დანიშვნა იგეგმება.
”მე აქ ვიყავი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვინაიდან, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება აქცია. ადგილზე გავეცანი სიტუაციას. ვნახე, რომ საგანგაშო არაფერია და ვტოვებ შენობას. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ ვყოფილვარ. ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ იგეგმება ჩემი მინისტრად დანიშვნა”, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ესწრება თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩუბინიძემ განმარტა, რომ მისი მისვლა მხოლოდ აქციას უკავშირდება, რათა უსაფრთხოების ნორმები შეემოწმებინა.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.