ნუკრი ქანთარია - კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან, ის ღირსეულად გაიმარჯვებს

ნუკრი ქანთარია - კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან, ის ღირსეულად გაიმარჯვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების“ თბილისის მერობის მომავალ კანდიდატს, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს. ამის შესახებ ქანთარიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ქანთარიას თქმით, კახა კალაძის კანდიდატურა დადგება პოლიტსაბჭოზე და ყველას მხრიდან არის კონსენსუსი.

ქანთარია დარწმუნებულია, რომ დღეს საღამოს უკვე კალაძის წარდგენა იქნება, როგორც ქალაქის მერობის კანდიდატის.

„მე მგონი, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან და კანდიდატებიდან. ძირითადი კონკურენტი იქნება ის საქმეები, რომლებიც უნდა გაკეთდეს ქალაქში და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ზუსტად ჩამოყალიბებული კახას მხრიდან, ის ღირსეულად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისი შეფასებით, კალაძეს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის ორგანიზაციული უნარი, მიზანდასახულობა და ა.შ.

“მისი ფეხბურთის ვარსკვლავობა დაგვავიწყა ყველას, იმდენად სწრაფად მოახერხა მან, როგორც პოლიტიკოსმა პერსპექტივაში ზრდა. თვალსაჩინოა, როგორც მინისტრი, როგორც პოლიტიკური ლიდერი და მე დარწმუნებული ვარ, როგორც თბილისის მერი, წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ქანთარიამ.

რაც შეეხება „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარეობს, ქანთარიას თქმით, მათი გასაჭირი გასაგებია, თუმცა „ახლა ცოტა უხერხულიც კი არის, ჯერ წარუდგენელ კანდიდატთან პრობლემებით მივიდნენ“.