”ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20:00 საათზე დაასახელებს

”ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20:00 საათზე დაასახელებს

”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა დღეს 20:00 საათზე გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდიდან თბილისის მერობისთვის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იბრძოლებს. კანდიდატს ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში წარადგენს.

კანდიდატურის წარდგენამდე 12:00 საათზე, ”ქართული ოცნება” პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

თბილისის მერობის კანდიდატები ოფიციალურად უკვე წარადგინეს პარტიებმა ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ევროპული საქართველო”. ”ნაციონალური მოძრაობიდან” დედაქალაქის მერობისთვის ზაალ უდუმაშვილი, ხოლო ”ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია იბრძოლებს. კანდიდატურა ოფიციალურად არ დაუყენებია, თუმცა თბილისის მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

ცნობილია ისიც, რომ მერობის კანდიდატი არ ეყოლება ”რესპუბლიკურ პარტიასა” და ”თავისუფალ დემოკრატებს”. პარტიები მხარს ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას უჭერენ. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ”დემოკრატიული მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა. პარტიაში კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცედურა პრაქტიკულად დასრულებულია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერების არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.