პარლამენტმა ეკონომიკური დეკრიმინალიზაციის კანონთა პაკეტი მიიღო

პარლამენტმა ეკონომიკური დეკრიმინალიზაციის კანონთა პაკეტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ინიცირებული ცვლილებათა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლებიც ითვალისწინებს ცალკეული სახეობის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში დაზუსტდა არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. გარდა ამისა, მისი თქმით, მიღებული ცვლილების ნაწილი მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი კონსულტაციების შედეგად ბიზნეს-სექტორთან.

კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა დღეს არსებული 100,000 ლარის ნაცვლად, 150,000 ლარს აღემატება.

ცვლილებით ასევე გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირების დაკავშირებული დარღვევები. კერძოდ, სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება: სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი - თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს; სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ასევე ეხება გადასახადის გადამხდელთა ფართო სპექტრს და მიმართულია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენ.