ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მესაზღვრეებს საქართველოსთან „საზღვრის“ მოწესრიგება დაავალა

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მესაზღვრეებს საქართველოსთან „საზღვრის“ მოწესრიგება დაავალა

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა დეფაქტო უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო სამმართველოსა და სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობასთან საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე პრობლემების მოგვარება მოითხოვა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„ძალიან ბევრი საკითხია, მათ შორის აქტუალურია ისინი, რომლებიც ეხება საზღვრის უსაფრთხოებას ჩვენს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მისი თქმით, არის „საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები საქართველოს მოქალაქეების მიერ და აუცილებელია ამის არა თუ მინიმიზება, არამედ გამორიცხვა“. 
ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია საზღვრის თანამედროვედ აღჭურვა, რისთვისაც „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობა რუსულ მხარესთან ერთად ყველაფერს გააკეთებს.