პროკურორებმა და გამომძიებლებმა კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი გაიარეს

პროკურორებმა და გამომძიებლებმა კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი გაიარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისა და სხვადასხვა უწყების გამომძიებლებისთვის კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლების შედეგად პროკურორები და გამომძიებლები გაეცნენ ელექტრონული მტკიცებულების შეგროვებისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს, ელექტრონული მტკიცებულების ამოღების მეთოდებსა და სასამართლო პროცესზე მათი გამოყენების საკითხებს. ტრენინგი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან (DOJ) თანამშრომლობით განხორციელდა.

ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად გაიარეს პრაქტიკული სავარჯიშოები. პროგრამა მოიცავდა: კიბერსაფრთხეების გაცნობას, კომპიუტერული სისტემების, მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ტექნიკურ მიმოხილვას, ციფრული ქსელის გამოძიებას, ციფრული მედიის ჩხრეკა-ამოღებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სასწავლო კურსს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები,  კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების სამმართველოს კრიმინალური დეპარტამენტის პროკურორები არონ კუპერი, ფრენკ ლინი და გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი გამომძიებელი ტომას კაპი უძღვებოდნენ.

კურსი პროკურორებთან და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიარეს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.