ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე

ჩვენ შემთხვევაში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროგრამა გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვისაც 100 000-ზე ნაკლები ქულა აქვს.

”ჩვენ შემთხვევაში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც მათ უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულების გარეთ. დღეს პირველი ეტაპი დაიწყო და ეს გავრცელდება მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც აქვს 100 000-ზე ნაკლები ქულა, ეს არის დაახლოებით 770 000 ადამიანი. საბედნიეროდ, მათგან ყველას არ აქვს ქრონიკული დაავადებები. ჩვენ წინასწარ გავთვალეთ ამ მედიკამენტების საჭიროება. დღეიდან ამ ადამიანებს შეეძლებათ, რომ მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს, ის გამოუწერს შესაბამის დანიშნულებას, რეცეპტს და ამ პროექტში დისტრიბუციის განმახორციელებელი კომპანია „პსპ“-ს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ მიიღონ ეს წამალი“, - განაცხადა სერგეენკომ.

დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. ახალი პროგრამის მეშვეობით მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ს ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და დიაბეტის მეორე ტიპი - არაინსულინდამოკიდებული.

მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.