პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მან ქვეყნის ფინანსური დოკუმენტის ძირითად პარამეტრებსა და მათი შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

პარლამენტისთვის წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.7 % შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 5 %-ით, თუმცა, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩა მიზნობრივ მაჩვენებელს და 1.8 %-ს გაუტოლდა. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების დინამიკა დადებითი მიმართულებით შეიცვალა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5%-ით გაიზარდა, ხოლო განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს აზერბაიჯანი და თურქეთი წარმოადგენენ.

დოკუმენტის თანახმად, 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 571 800.0 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 9 675 506.8 ათასი ლარი; გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 740 000.0 ათასი ლარით, მობილიზებული იქნა 8 786 065.3 ათასი ლარი; გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 246 800.0 ათასი ლარით, მობილიზებულ იქნა 297 304.0 ათასი ლარი; სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 585 000.0 ათასი ლარით, მობილიზებული იქნა 592 137.5 ათასი ლარი.

კაკაურიძის განცხადებით, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 546 800.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 8 580 032.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.4%.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელმა 100.1% შეადგინა. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 246 800.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი 296 827.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 120,3% იქნა მობილიზებული.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მომხსენებლის ინფორმაციით, შესრულებამ 99,9% შეადგინა. დაგეგმილი მაჩვენებელი 10,297,950.0 ათასი ლარი იყო, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა 10,292,234.1 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ვალების აღებას და დაფარვის მიმართულებით, ვალდებულებების ზრდამ 1 458 983.8 ათასი ლარი შეადგინა. სახელმწიფოს მიერ ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე 740.1 მლნ ლარი, მათ შორის: საგარეო ვალდებულებებზე 502.5 მლნ ლარი ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 237.6 მლნ ლარი მიიმართა.