რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისთან საქართველოში პირადი კომუნიკაცია ჰქონდა, სადაც საუბარი შეეხო კერძო პირებს. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ოფიციალურ თემებზე. მისივე თქმით, შვიდკოი საქართველოში ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა.
„თბილისში ჩატარდა მედია ფორუმი. ამ ფორუმის შესახებ ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ, შესაბამისად, მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის წარმომადგენლებმა. იქ იმყოფებოდნენ ბატონი შვიდკოიც, რამდენიმე რუსი ჟურნალისტიც. ამ ხალხთან ჩვენ რაიმე ოფიციალური შეხვედრები ან მე ან მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს არ ჰქონია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვთქვი კიდეც გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა პირადი კომუნიკაცია. ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კერძო პირებს, ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება ან მხარდაჭერა სჭირდებათ. რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბარი არ იყო. არავითარ ოფიციალურ თემებზე არ გვისაუბრია. სხვა პირადული შეხვედრებიც მქონდა გუშინ - ოჯახის წევრებთან, შვილიშვილებთან, თუ გინდათ ამაზეც მოგიყვებით. შვიდკოი საქართველოში პირველად არ ჩამოსულა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მას არ დაურღვევია. მას აქ მეგობრები, ნათესავები ჰყავს. იგი წლების მანძილზე იყო კულტურის მინისტრი და დიდი ხანია ვიცნობ. წმინდა ადამიანური შეხვედრა იყო და ოფიციალური თემები და საკითხები არ განგვიხილავს“, - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, დაარღვია თუ არა ამავე ფორუმის მონაწილე ჟურნალისტმა ვლადიმერ მამონტოვმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, აბაშიძის თქმით, მას ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
„ვერ გეტყვით, მამონტოვს არ ვიცნობ საერთოდ. ტელევიზიით გავიგე იმის შესახებ, რომ თითქოს კანონი აქვს დარღვეული. აქ არის ასეთი თემა - ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის საკითხი. თუ მან 2009 წელს დაარღვია ეს კანონი... სპეციალისტები იტყვიან უფრო ზუსტად ამაზე. მე არ დავინტერესებულვარ მამონტოვთან დაკავშირებით დეტალურად“, - აღნიშნა აბაშიძემ.