თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გამარტივებული სავიზო რეჟიმის გარეშე, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ანკარაში გამართულ თურქულ-უნგრულ ბიზნეს ფორუმზე.
მისი თქმით, ეს ევროკავშირის დიდი შეცდომაა.
ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აძლევს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც არ მართავენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ხოლო თურქეთი უკვე 40 წელია ინტეგრაციის გზაზე იმყოფება და მას ყოველგვარ ბარიერებს უქმნიან.
თურქეთის პრემიერის განცხადებით, თურქეთი არა მხოლოდ ბალკანეთის რეგიონის, არამედ მთლიანად ევროკავშირის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას.
„ანკარას წყალობით, რომელიც რეგიონში პროცესებს აკონტროლებს, ევროპა არ გრძნობს დევნილთა ნაკადისა და ახლო აღმოსავლეთში ომების გავლენას. მიუხედავად ამისა, ჩვენი ევროპელი მეგობრები არ აფასებენ რატომღაც თურქეთის პოლიტიკას“, - დასძინა ბინალი ილდირიმმა.