შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე და ბუნებრივია, ბატონმა ჯანი ბუკიკიომ კიდევ ერთხელ ახსენა დიალოგის აუცილებლობა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მიხეილ ბენიძის თქმით, არასამთავრობო სექტორი მზადაა, ჩაერთოს პროცესებში და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, ბატონმა ბუკიკიომ ძალიან მკაფიოდ გააკეთა შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია მის ლეგიტიმაციას მიაყენებს ძალიან სერიოზულ დარტყმას.
„შევთავაზეთ, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ პროცესში და გარკვეულწილად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე. მთავარი აქ ის არის, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ. როგორც მისი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც ეს იყო შეფასებული როგორც უმნიშვნელოვანესი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არამხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არამედ მთლიანად დემოკრატია იქნება საფრთხის ქვეშ.
გარდა ამისა, ბატონმა ბუკიკიომ ძალიან მკაფიოდ გააკეთა შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია პრაქტიკულად, სრულიად მიუღებელია და ეს გარკვეულწილად კონსტიტუციის ლეგიტიმაციას მიაყენებს ძალიან სერიოზულ დარტყმას. ბუნებრივია, ამ მხრივ, ჩვენ ერთი და იმავე პოზიციაზე ვართ და სწორედ ამიტომ არის საჭირო დიალოგი და კონსენსუსი, გზების გამონახვა, რომ ეს პროცესი მთლიანად არ ჩავარდეს და მეორე მხრივ, არ მივიღოთ ის, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, რაც არის სრულიად გაუმართლებელი საარჩევნო სისტემა. სრულიად გაუმართლებელია მისი შენარჩუნება კიდევ მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ახლა ყველას ინტერესშია შევაჩეროთ ის ნეგატიური ცვლილებები, რაც ბოლო მომენტში მმართველი პარტიის მიერ ყველასთან შეუთანხმებლად დახურულ კარს მიღმა გაჩნდა კონსტიტუციაში“, - განაცხადა ბენიძემ.