ჯანი ბუკიკიო დღეს არასამთავრობო სექტორს შეხვდება

ჯანი ბუკიკიო დღეს არასამთავრობო სექტორს შეხვდება

არასამთავრობო ორგანიზაციების - „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელები დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდებიან.

რoგორც „ინტერპრესნიუსს“ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განუცხადა, შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა იქნება საკონსტიტუციო რეფორმა და მის გარშემო არსებული პრობლემური საკითხები.

„შეხვედრისას, მთავარი ყურადღება დაეთმობა საარჩევნო სისტემას და მმართველი პარტიის მიერ, ფაქტობრივად, დახურულ კარს მიღმა მიღებულ გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილია ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რომელიც, ფაქტობრივად, ემთხვევა არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ცალსახაა, ბატონი ბუკიკიოს მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებითაც. სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საფრთხე მიაყენა საქართველოს რეპუტაციას ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს სტრუქტურებში იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მოტყუებით ტექსტის გამოცვლამ, არა მგონია, პოზიტიური შედეგი იქონიოს. ბატონი ბუკიკიოს მკაცრი განცხადებებიც ამის მიმანიშნებელია“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.