საქართველოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების ზედამხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტი აქვს

საქართველოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების ზედამხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტი აქვს

საქართველოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების ზედამხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ეკა ბესელიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების თემაზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე, ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობაზე და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დიდი ხანია მზადდება სპეციალური ანგარიში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების თემას ეხება. მასში მოცემულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ამ კუთხით საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვს. გამოთქმულია შეშფოთება დაახლოებით 10 ათასი აღუსრულებელი გადაწყვეტილების გამო, მათ შორის ეს ეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. ეს საქმეები არ აღსრულებულა ბოლო 5 წელი სხვადასხვა მიზეზის გამო, სახელდება: პოლიტიკური ნების არ არსებობა, საკანომდებლო ხარვეზები და სხვა. მინისტრთა კომიტეტი და ასამბლეა მიღებულ არაერთ რეზოლუციაში შეშფოთებას გამოთქვამს ამის გამო", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები გააცნო.

„საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებზე, რომლებზეც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიღებული აქვს საბოლოო რეზოლუცია წინა წელს, ასევე, ანგარიშს მიმდინარე საქმეებზე, მინისტრთა კომიტეტის შუალედურ რეზოლუციებს, გადაწყვეტილებებსა და სხვა დოკუმენტებს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტის განცხადებით, გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის მხრივ საქართველომ თავისი პროგრესი აჩვენა - მრგვალი მაგიდის, იურიდიული ექსპერტების, ანალიზის, შეხედულებების გაზიარების და სასწავლო პროგრამების დანერგვის მეშვეობით.

მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში ასახული რეკომენდაციები, რომლებიც ყველა წევრ ქვეყანას ეხება.

„ჩვენი ამოცანაა ამ თემის ირგვლივ ცნობადობის კამპანიის ეფექტურად წარმართვა, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, რათა მივაღწიოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულებას. საქართველოს პარლამენტი გეგმავს დანერგოს კარგი პრაქტიკა და გააძლიეროს საპარლამენტო კონტროლი", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, აუცილებელია მსგავსი დისკუსიების გაგრძელება, კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება და პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივად დასახვა. „ვფიქრობ, ეს მიზნის მიღწევის კარგი შესაძლებლობაა",-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ფრანგმა პარლამეტარმა, პიერ ივ ლე ბორნმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშში ასახული იყო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, საქართველოს მაგალითი, რომელმაც ამ თემაზე, სწორედ, 2016 წელს მიიღო ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ეკა ბესელიას ინიციატივით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო და რეკომენდაციები დაამტკიცა.