ხელისუფლებამ პოლიტიკური კაპიტალისთვის ზარალი უკვე ნახა და ახლა დათმობაზე არ წავა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შეჩერების მოწოდებაზე კომენტირებისას განუცხადა.
„მმართველი გუნდი, ალბათ, არ დასთანხმდება ამ შემოთავაზებას, დაწყებული პროცესი გაგრძელდება და შემოდგომაზე მესამე მოსმენით იქნება მიღებული ცვლილებები. სხვა ვარიანტი, როგორც ჩანს, არც განიხილებოდა, თორემ ის, რომ ვენეციის კომისიასთან და შიდაკონსენსუსი ქვეყანაში ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ არსებობს, ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა. ამიტომ, შეაჩეროს და თავიდან დაიწყოს პროცესი, ამაზე ხელისუფლება არ წავა. სხვა გამოსავალი რა შეიძლება აქ იყოს?! - ალბათ, არაფერი. მაშინ მშვენივრად იციან, რასაც ითხოვს ოპოზიცია და საზოგადოება და ის ნაბიჯები უნდა გადადგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეეჭვება, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს. ხელისუფლებამ პოლიტიკური კაპიტალისთვის ზარალი უკვე ნახა და ახლა დათმობაზე წასვლა ამ ზარალს, რა თქმა უნდა, არ აანაზღაურებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, რა გავლენას იქონიებს ეს ვენეციის კომისიასთან და ევროპის საბჭოსთან შემდგომ ურთიერთობებზე, ძაბირაძის თქმით, გადამწყვეტს არა, თუმცა ევროინტეგრაციის პროცესი გარკვეულწილად შეფერხდება.
„არა მგონია, ამან პირდაპირი ზეგავლენა იქონიოს. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია და ბუნებრივია, ეს ევროპასთან ინტეგრაციის გარკვეულ პროცესს შეაჩერებს, თუმცა გადამწყვეტ და მკვეთრ ნაბიჯებს დასავლეთის მხრიდან ნამდვილად არ ველოდები. იმიჯი, რა თქმა უნდა, შელახულია და ამის გამოსწორება და აღდგენა, მე მგონი, ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ძაბირაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველანი ვდგევართ ჩიხური სიტუაციის წინაშე - რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესის თავიდან დაწყების ინიციატივით გამდის.