ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი კომპრომისები გაკეთდა, ახლა ველოდებით, ოპოზიციის შემხვედრ დამოკიდებულებას

ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი კომპრომისები გაკეთდა, ახლა ველოდებით, ოპოზიციის შემხვედრ დამოკიდებულებას

ჩვენი მხრიდან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ახლა მოველით, ოპოზიციის შემხვედრ დამოკიდებულებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი მნიშვნელოვანია და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, მადლობას უხდის პირადად ჯანი ბუკიკიოს რეკომენდაციების და მაღალი დონის დიალოგისთვის.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. გავაგრძელებთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩვენი მხრიდან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ახლა მოველით, ოპოზიციის შემხვედრ დამოკიდებულებას. ყველამ უნდა გაითვალისწინოს მთავარი - საქართველო პროპორციულ სისტემაზე გადადის სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებით. არც ერთმა სხვა ხელისუფლებამ წარსულში ეს არ გააკეთა. რატომ? ეს იციან ახლა ოპოზიციაში მყოფმა პოლიტიკოსებმა და უთხრან ხალხს სიმართლე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ.