ქალაქ ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარების თემაზე გამართულ სამუშაო სესიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. "ხელშეკრულებების" ხელმოწერასა და იმპლემენტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების შემცირებაზე. ქართველმა დიპლომატმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების შეწყვეტის ფაქტი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები, ყოფს ადგილობრივ მოსახლეობას და ზღუდავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.
”ქართული მხარის წარმომადგენლის გამოსვლაში დაფიქსირდა, რომ ამ ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიუხედავად, ქართული მხარე განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. ქართულმა მხარემ თავის გამოსვლაში მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, ევროკავშირის (მიუერთდა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცუგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა) უკრაინის და თურქეთის დელეგაციებმა.
გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.